ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, ფორუმებსა და ბლოგებზე ხშირად მოიხსენიება შვედეთი, ერთის მხრივ როგორც სოციალიზმის წარმატებული მაგალითი, მეორეს მხრივ კი სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მაღალ გადასახადებსა და ხელგაშლილ სოციალურ პოლიტიკას სულაც არ შეუშლია ხელი ამ ქვეყნისათვის, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანად ქცეულიყო.
ამასთანავე შვედეთი განიხილება, როგორც საუკეთესო მაგალითი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის. არიან ადამიანები, ვისაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში გადასახადები უნდა გაიზარდოს, უმუშევრებმა უნდა მიიღონ უფრო მაღალი დახმარება, მთავრობის როლი ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს, მთავრობამ უნდა გამოავლინოს ეკონომიკის პერსპექტიული სექტორები, მოახდინოს მათი სუბსიდირება და წაახალისოს მათი განვითარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ადამიანები გვთავაზობენ ე.წ. კეთილდღეობის სახელმწიფოს, სადაც ,,ყველა ადამიანს ექნება ღირსეულად შრომის და დასვენების უფლება”. თუ შვედეთს გამოუვიდა მსგავსი რამ, რატომ არ შეიძლება იგივე საქართველოს გამოუვიდეს?!
მართლაც საკმაოდ მართებული კითხვაა. ნაკლებად ინფორმირებული ადამიანისათვის მთელი ეს ანალიზი საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გამოიყურება, თუმცა სინამდვილეში რეალობასთან ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო.
შვედეთში კეთილდღეობის სახელმწიფო (Welfare State) წარმოიშვა მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში და სრული/პირვანდელი სახით შენარჩუნდა მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისამდე. არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო 90-იანებში წარმოშობილმა ეკონომიკურმა კრიზისმა, უბიძგა შვედეთის მთავრობას გაეტარებინა რიგი რეფორმები, რამაც საფუძველი დაუდო თავისუფალი ბაზრისკენ ნელ, მაგრამ შეუქცევად შებრუნებას და კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპების მეთოდურ გაუქმებას. ფისკალური პოლიტიკის გარეშე დღეს შვედეთი ბევრად უფრო ლიბერალური ეკონომიკაა, ვიდრე განვითარებული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა.
შვედეთის ეკონომიკური განვითარება სათავეს იღებს მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან. შვედეთს გააჩნდა ეკონომიკური ზრდისათვის აუცილებელი ძირითადი კომპონენტები: ძლიერი და სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა კანონის უზენაესობას, საკუთრების უფლებების მაღალი დაცულობა, ძლიერი კერძო საბანკო სისტემა, დაბალი ტარიფები საერთაშორისო ვაჭრობაზე და საკმაოდ დაბალი გადასახადები.
1870 წლიდან თითქმის 100 წლის მანძილზე შვედეთი გამოირჩეოდა ეკონომიკური ზრდისა და ინდუსტრიალიზაციის მაღალი ტემპით. ასწლიანი პერიოდის დასასრულს (1970-იანი წლების დასაწყისში) შვედეთი სიმდიდრით მეოთხე ადგილს იკავებდა მსოფლიოში, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი 7-ჯერ გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ხშირად ამტკიცებენ, რომ შვედეთი კეთილდღეობის სახელმწიფოს (ანუ მაღალი გადასახადების და სოციალური დახმარებების) პირობებში იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ. სინამდვილეში შვედეთი თავისუფალი ბაზრის, დაბალი გადასახადებისა და კერძო ინიციატივის საშუალებით იქცა მდიდარ სახელმწიფოდ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო კეთილდღეობის სახელმწიფოს შენება.
1970-იანი წლების დასაწყისიდან იწყება შვედეთში ე.წ. კეთილდღეობის სახელმწიფოს (Welfare State)-ის ცნების შემოტანა. მთავრობის როლი სწრაფად იზრდება ეკონომიკაში. იზრდება გადასახადები (ზოგ შემთხვევაში ზოგიერთი პირებისთვის საგადასაახდო წნეხი 100%-ს აღემატება), იზრდება სოციალური დახმარებები, მთავრობა იწყებს არამომგებიან საწარმოთა სუბსიდირებას.
ყველაფერი ამის შედეგად ხდება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება. შედარებისათვის ზრდის ტემპი მთლიანი შიდა პროდუქტისა ერთ სულ მოსახლეზე 1950-1975 წლებში საშუალოდ შეადგენდა 3.6%-ს (წლიურად), 1975-2000 წლებში კი – 1.4% -ს. შესაბამისად ზრდის ტემპი ორ პერიოდს შორის 2.5-ჯერ შემცირდა.
შედეგად შვედეთი თანდათანობით ჩამორჩა სხვა განვითარებულ ქვეყნებს. ქვეყნების სიმდიდრის რეიტინგში 1990 წლისთვის ზრდის შენელებამ შვედეთის პოზიცია 13 ადგილით გააუარესა.
გადასახადების გაზრდამ, შეზღუდვებმა საერთაშორისო ვაჭრობაზე და შრომის კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვია შვედეთის საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირება. ამ პრობლემის მოგვარება შვედეთის იმდროინდელმა მთავრობამ შვედეთის ეროვნული ვალუტის დევალვაციით სცადა. 1980-იანი წლების განმავლობაში განხორციელდა დევალვაციების მთელი კასკადი .
მოკლევადიან პერიოდშიც კი დევალვაციამ არ მოიტანა ის შედეგები, რასაც შვედეთის მთავრობა ელოდა. დევალვაციის ყოველ ციკლთან ერთად პროფკავშირები ითხოვდნენ ხელფასების გაზრდასაც, რათა დევალვაციას დასაქმებულთა შემოსავლებზე არ ემოქმედა. ეს სრულად ანეიტრალებდა იმ პოზიტიურ ეფექტს, რასაც შვედური საექსპორტო პროდუქცია დევალვაციის შედეგად იღებდა.
მაკროეკონომიკურმა არასტაბილურობამ და არაპროგნოზირებადმა ბიზნეს გარემომ ქვეყანა მიიყვანა 90-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკურ კრიზისამდე. ეკონომიკურმა პრობლემებმა უბიძგა შვედეთის მთავრობას ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ. შემცირდა ზოგიერთი გადასახადების განაკვეთები, შემცირდა უმუშევართა კომპენსაციები, მოხდა სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების პრივატიზება, მოხდა საბანკო სექტორის დერეგულაცია და მოიხსნა შეზღუდვები სავალუტო ოპერაციებზე. ამას პარალელურად მოჰყვა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმა და ამ სფეროებში კერძო ინიციატივის წახალისება. ქვეყანამ თანდათანობით დაიწყო დაბრუნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე.
ფისკალური პოლიტიკის კუთხით ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი შვედეთში. გადასახადები და საბიუჯეტო ხარჯები მაღალია (შენიშვნა 16/04/2012: შვედეთის მთავრობამ, ფინანსთა მინისტრის ანდერს ბორგის ინიციატივით მოახდინა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და გადასახადების განაკვეთების დაწევა, იხ. სტატია Advice from a successful – and tax-cutting – finance minister). თუ შვედეთს განვიხილავთ ფისკალური პოლიტიკის გარეშე, მაშინ ეს ქვეყანა ბევრად უფრო თავისუფალი გამოდის ვიდრე აშშ, დიდი ბრიტანეთი და განვითარებული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა. ეს კარგად ჩანს Heritage Foundation-ის თავისუფლების ინდექსში, სადაც შვედეთს 22-ე ადგილი უკავია სამთავრობო დანახარჯებისა, შრომითი რეგულაციების და ფისკალური თავისუფლების პოზიციებში უკიდურესად დაბალი ქულების მიუხედავად. სხვა დანარჩენ პოზიციებში შვედეთი მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე სიტუაცია ახასიათებს სკანდინავიის სხვა კეთილდღეობის სახელმწიფოებსაც: დანიას, ფინეთს და ნაწილობრივ ნორვეგიასაც.
ამრიგად შვედეთის მაგალითი რამდენიმე მესიჯს შეიცავს. პირველ რიგში შვედეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის მატერიალური მდგომარების გაუმჯობესება საუკეთესოდ ხდება თავისუფალი ბაზრისა და დაბალი გადასახადების პირობებში და არა პირიქით.
ამას გარდა შვედეთის მაგალითი ნათლად უჩვენებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ეკონომიკასაც კი არ შეუძლია დიდხანს გაუძლოს არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკის დამანგრეველ ეფექტს. არასწორი საგადასახადო და შრომითი პოლიტიკა, ასევე მთავრობის წილის არაპროპორციული ზრდა ეკონომიკაში, აუცილებლად იწვევს ზრდის შენელებას და ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემცირებას.
ასევე შვედეთის გამოცდილებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ე.წ. კეთილდღეობის სახელმწიფო იდეა არის უტოპია განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი, საქართველოსნაირ განვითარებად ქვეყნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სადაც ამგვარი იდეის განხორციელებისთვის არავითარი ბაზა არ არსებობს.