დავიწყოთ იმით, რომ ბიზნესის სუბსიდირება თავისთავად პარადოქსია. თუ რატომაა პარადოქსი, ამაში რომ გავერკვეთ, დაგვეხმარება ბიზნესის ზოგადი განმარტება: ბიზნესი არის ნებისმიერი საქმიანობა, რომლის მიზანია მოგების მიღება. ბიზნესად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა ქუჩაში მზესუმზირის გაყიდვით დაწყებული, მიკროპროცესორების წარმოებით დამთავრებული. მთავარია ეს საქმიანობა მოგების მიღებაზე იყოს ორიენტირებული.
ბიზნესად ვერ ჩაითვლება ისეთი საქმიანობა, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული და სხვა მიზნებს ისახავს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი განსაზღვრებიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება ბიზნესად, მიუხედავად იმისა რომ მოცემულ პერიოდში შეიძლება მათი შემოსავლები ხარჯებს აჭარბებდეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი აქვს მოგება, ის იბეგრება გადასახადით, რაც ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ხოლო ამ შემოსავლებით ფინანსდება ის ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკის გამართული ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მთავრობის ჩარევის გარეშე ეს ხარჯები არ დაფინანსდებოდა. ასეთი ხარჯებია, მაგალითად, ინფრასტრუქტურული ხარჯები, სასამართლოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები და სხვა.
ყველაფერი აქედან გამომდინარე წამგებიანი ბიზნესისთვის ფულის მიცემა/სუბსიდირება და მისი ,,გადარჩენის” მცდელობა თავისთავად პარადოქსია, რადგან ბიზნესი უნდა იყოს ბიუჯეტის წყარო და არა პირიქით.
სუბსიდირება ხდება სხვადასხვანაირად. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება გულისხმობდეს უშუალოდ ფულის მიცემას ბიზნესისთვის, სხვა შემთხვევაში კი ეს ხდებოდეს ირიბად. ფული შესაძლოა იხარჯებოდეს არაპირდაპირ, რაიმე სხვა სფეროშიც, მაგრამ ეს ბიზნესს სასათბურე პირობებს უქმნიდეს. ამის კარგი მაგალითია ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა, იგივე EU Common Agricultural Policy (CAP).
ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა ერთი შეხედვით ნათელ მიზნებს ემსახურება: მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და ფერმერებისთვის გარანტირებული მოგების უზრუნველყოფა. მართლაც, თითქოს რა არის ამაში ცუდი, თუ მომხმარებლები ხარისხიან პროდუქტს მიიღებენ, ხოლო ფერმერები კი არ იქნებიან გაკოტრების რისკის ქვეშ?
ამაში რომ კარგად გავერკვეთ, უნდა მოკლედ მიმოვიხილოთ თუ როგორ მუშაობს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა. პირველ რიგში ევროკავშირი თავის ფერმერებს საერთაშორისო კონკურენციისგან მაღალი ტარიფებით და სტანდარტებით იცავს. გარდა ამისა რამოდენიმე წლის წინ ევროკავშირმა შემოიღო სოფლის მეურნეობის სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს, რომ ევროკავშირის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ფლობს 0.3 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს 10 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იღებს სუბსიდიას, იმ პირობით რომ მის მფლობელობაში არსებული ნაკვეთი არ დაამუშავოს, ზედმეტი მოსავლის მოყვანით პროდუქტების ფასი არ დააგდოს და სხვა ფერმერების მოგება არ შეამციროს.
გარდა ამისა, ჭარბი წარმოების შემთხვევაში ევროკავშირი ერევა ბაზრის მუშაობაში, ყიდულობს ჭარბ პროდუქციას და დემპინგით ღარიბ ქვეყნებში (ძირითადად აფრიკაში) ყიდის, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ფერმერებს, რადგან ექსპორტის ფასებიც სუბსიდირებულია და ასეთ პროდუქტთან კონკურენცია ძალიან ძნელია.
სუბსიდირების ამ კონკრეტული შემთხვევის უაზრობა იმაში გამოიხატება, რომ ჯერ ერთი ევროკავშირის ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი (2006 წელს – 47%-ს, 2010 წელს – 31%) ამ საქმიანობაზე იხარჯება, მეორეც ევროკავშირის მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით შევსებული ევროკავშირის ბიუჯეტი იხარჯება იმაზე, რომ ევროკავშირის მოქალაქეებმა უფრო მაღალი ფასები გადაიხადონ სოფლის მეურნეობის პროდუქტებში, ვიდრე სხვა შემთხვევაში გადაიხდიდნენ.
ამ სიტუაციით აგებენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რადგან გაზრდილ ფასს იხდიან სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. ასევე წაგებულები არიან არაევროკავშირის ფერმერები, რადგან მათ არ ეძლევათ საშუალება ევროკავშირის უზარმაზარი ბაზრით ისარგებლონ. ერთადერთი მოგებული მხარე ევროკავშირის ფერმერებია, რომელთა საერთო რაოდენობა 20,000-30,000 არ აღემატება.
ამ პროექტის ავტორებს ექნებოდათ მიზეზი თავი ემართლებინათ, ამ პოლიტიკას რომ პოზიტიური შედეგები მოჰქონდეს. ჯერ ერთი სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა შემოსავლები სხვა სფეროებში დასაქმებულთა შემოსავლების ნახევარია. მეორეც 2000-2010 წლებში სოფლის მეურნეობაში დასაქმება 25%-ით შემცირდა, რაც აშკარად უჩვენებს სუბსიდირების პოლიტიკის ჩავარდნას და მის არაეფექტურობას.